ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელობამ შეტყობინება მიიღო, იუწყება კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი ანტონ ალიხანოვი.

ბრიუსელმა განმარტა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის ფონზე, ევროკავშირის სანქციები ასევე ვრცელდება საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ტრანსპორტირდება რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის მხარეში და პირიქით - ტრანზიტით ლიეტუვის ტერიტორიით.

ალიხანოვის წინასწარი შეფასებით, საუბარია სატრანზიტო ტვირთის მთლიანი მოცულობის 40-50 პროცენტზე. ესაა სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონები, კალინინგრადის მხარეში წარმოებული მზა პროდუქცია.

ცნობისათვის, კალინინგრადის ოლქი რუსეთის ანკლავია, რომელიც ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება. მასთან სამგზავრო მატარებლებით კავშირი ძველებურად გრძელდება ლიეტუვის გავლით, თვითმფრინავები კი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავენ, ვინაიდან ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სუბსიდიებისთვის მოსკოვს მიმართოს.